* * * ვიპოვე. . .




ვიპოვე. . . მაშინ ვიპოვე. . .არეული დავალაგე, დალაგებული ავრიე, რაც მაღიმებდა, იმან ამატირა, რაც მატირებდა- სევდა გამიქრო. შვება ვიგრძენი. . . ახალი დავინახე ძველში . . . წარსულში აწმყო და აწმყოში მომავალი. . . და გადავწყვიტე გავყოლოდი ამ ჯაჭვს. მე კი არ ვფიქრობდი, ის ფიქრობდა ჩემში. მან მოახერხა ჩემით დაენახა საკუთარი თავი. მე არ ველოდი. . . არ ველოდი , თუ ვიპოვიდი, მაგრამ ვიპოვე. . . ან მან მიპოვა. . . ალბათ მან, იმიტომ რომ მე ვერ ვიპოვიდი. . . მუდმივად ვეძებდი , მაგრამ პოვნით ვერ ვიპოვიდი, რადგან ის იყო მომავალი, წარსული , მე კი აწმყო. . .ის უნდა მოსულიყო ჩემთან.

იცით, ღიმილი მუდამ არ არის ღიმილი და არც ცრემლი ნიშნავს მუდამ ცრემლს. არც ტკივილია მუდამ ტკივილი. და საერთოდ მუდამ ყველაფერი არასდროს არ ნიშნავს ყველაფერს.

სულის ღიმილი იშვიათად მოდის. გულახდილი ღიმილი. მე სიცილზე უფრო მეტად ღიმილი მიყვარს. ღიმილი უფრო ფიქრიანი და ღრმაა ჩემთვის. სიცილი კი უცებ მოდის და უცებ ქრება. . . არ გიტოვებს სათქმელს. ღიმილი, თუ ის სულის ღიმილია, ნამდვილი. . . არასოდეს გავიწყებს თავს. . . ცრემლი?! მე ცრემლიც მიყვარს. . . ოღონდ ისიც სულის. . .

და როცა ის მე ვიპოვე. . . და არეული დავალაგე. . .დალაგებული ავრიე. . . დიდიხნის მონატრებული სულის ღიმილი მაჩუქა მან და ამატირა. . .

რამდენი ხანი ველოდი მის ამოცნობას. . . და ეს მოხდა. . . თვითონ ამომიცნო და მეც ამოვიცანი.

ახლა, რამდენჯერაც შევხედავ იმდენჯერ ამრევს, დამალაგებს. ამატირებს, გამაღიმებს და ისე დავშორდები. . . მერე მისი აჩრდილით ვებმები ყოფიერ ცხოვრებაში.

შემცვალა. . .რაც მე ის ვიპოვე. . . ახლა ვინტერესდები უფრო სხვა თვალით , ვიდრე ადრე. . . რაც მთავარია სულით გაღიმება შემიძლია. გაცილებით მარტივად ვაღებ კარს. . .

ის ჩემია. . .მე ის ვიპოვე. . . დავინახე, თუ მან დამანახა ის, რასაც ვეძებდი, ვერ გამირკვევია, მაგრამ ახლა ადამიანზე სხვანაირად ვფიქრობ. და საერთოდ, უცნაურად ვიქცევი. . . მაჩუქა მან ეს უცნაურობა,ამის უნარი მომცა. უცნაურობა ეს ადამიანებში, მაგრამ ეს ჩემთვის არ არის უცნაურობა. უცნაურობა იყო მაშინ, სანამ მას ვეძებდი. . .

aხლა ვარ სხვა ფაზაში. სხვაგან. . . ვისვები და ვიცლები სხვანაირად. . . ვეძებ ყველაფერს სხვანაირად. მიხარია. . .

ხო, ვიტყვი რა ვიპოვე. . . არა, ჯერ ვიტყვი რას ვეძებდი. . . თუმცა რასაც ვეძებდი, ის ვიპოვე. . . მაგრამ მაინც ცალ-ცალკე ვიტყვი. . .

ასე მგონია, ყველა ადამიანი იბადება ორჯერ. რას ნიშნავს ორჯერ? ერთდროულად ორი “მე “ იბადება. ოღონდ არა ერთად , არამედ ცალ-ცალკე. ერთი ყოფიერებით სავსე, ჩვეულებრივ აწმყოში მოსიარულე ადამიანია, რომელიც აკეთებს იმას, რაც არ არის მისი ინდივიდუალიზმი. მოკლედ, აყოლილია ყოფიერების რიტმს. ცხოვრობს ჩვეულებრივად, ტირის, იცინის, ტკივა, არ ტკივა, ლაპარაკობს, ფიქრობს, ხატავს, წერს, კითხულობს, მუშაობს. . . ისე როგორც სხვები. . . და ამაში არაფერია გასაკვირი. უყვარს, სძულს, ბრაზდება, უშვებს შეცდომებს, ღალატობს, ერთგულობს, როგორც სხვები. . . უცნაურობს, ინდივიდუალობს, წარმატებას აღწევს, ძირს ეშვება, მდიდრდება თუ ღარიბდება, ისე როგორც სხვები. . . მაგრამ არსებობს მეორე “მე”, რომელსაც ისევე შეუძლია ცხოვრება, როგორც პირველ “მეს”. . . ოღონდ. . . ოღონდ სხვანაირად. . . აი, სულის ღიმილი. . . სწორედ ეს არის მეორე “მე”. პირველ “მეს” არ შეუძლია სულის ღიმილი. პირველ “მეს” არ შეუძლია ისეთი სიყვარული, როგორც სულით მომღიმარს. . . მას არ შეუძლია დაინახოს ის, რასაც ხედავს მეორე “მე”. მაგრამ. . . ადამიანს ეს “მე” დაბადებიდან თან არ დაჰყვება. ის იბადება პირველი “მე”-თი და უნდა ეძებოს ის მეორე. ეძებოს , ეძებოს. . . ყველგან.

მეც ვეძებდი. . . ვიპოვე. . . აი, ის რაც ვიპოვე-ეს მეორე “მე”-ა. ვიპოვე, მივუახლოვდი. შევეხე მას. . . გავძლიერდი უფრო, შემავსო. ხან ქრება , ხან მოდის. . .

ისევ, ვეძებ მას. . . უკვე ნაპოვნს. . .

მაშინ, როცა ის ვიპოვე. . . რენუარის ნახატში იყო. რენუარის გოგოს ვუყურებდი და მის ამოცნობას ვცდილობდი. ისე მეუცნაურა, არა ისე , როგორც ყოველთვის, არამედ სხვანაირად. მაშინ გამეღიმა სულით. . . და მაშინ ვიპოვე ის ჩემნაირი. . . უფრო, სწორედ ჩემი სული იმ ნახატში, ჩემი მეორე “მე”. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ , როგორია “დახატული” ჩემი სული იმ ნახატში.

ხო. . . ჩაუსაფრდი ადამიანო შენს “მეს”. ჩვენ ხომ ორჯერ ვიბადებით. ვეძებოთ ის. . . რომ ვხედავდეთ იმას, რასაც ვერ ვხედავთ. . . მგონია, რომ ხელოვნება ყოველთვის იმ მეორე ‘მე”-თი იქმნება. ნაპოვნი ‘მე”თი. მგონია, რომ ორჯერ და ცალ-ცალკე დაბადებული ორი მფრინავი “მე” ერთმანეთს უნდა დაეჯახოს, რომ მიუახლოვდეს უფალს. უფალთან მიახლოება, ყოველთვის ხელოვნებას ბადებს. დატოვებული ხელოვნება კი, რენუარის ნახატივით, გეხმარება “მე”-ს პოვნაში, რომელიც სულით გაგაღიმებს და აგატირებს, აგრევს და დაგალაგებს, გაწამებს და გაგაბედნიერებს.. . შეგაყვარებს!

ისე არ უნდა მოკვდე , თუ ოდნავ მაინც არ შეეხე მას ადამიანო! ეს ისეთი ბედნიერებაა, თუ უცებ ნაპოვნმა მიგატოვა, მარტოდ დარჩენილი იმ პირველი “მე”-თი, ამას ვერ ახსნი, ვერ დახატავ, ვერ დაწერ, ვერ შეიყვარებ. . .

უფრო სწორედ, მე არ უნდა მეთქვა სიტყვა –მოკვდე. არა, როცა მას იპოვი აღარ მოკვდები. . . აღარ! ხელოვნება არ კდვება. ხელოვნება კი შენი მეორე “მეა”. მარტო პირველი მოსიარულე “აწმყო” ქრება. ხელოვნებით აწმყოში მომავალს ქმნი. . . შენს სამუდამო მომავალს. . . სიცოცხლე უნდა იპოვო . იპოვო. . .რომ შეგეძლოს სულით გაღიმება, სულით ტკივილი. . .

ვიპოვე. . . მაშინ ვიპოვე. . .არეული დავალაგე, დალაგებული ავრიე, რაც მაღიმებდა, იმან ამატირა, რაც მატირებდა- სევდა გამიქრო. შვება ვიგრძენი. . . ახალი დავინახე ძველში . . . წარსულში აწმყო და აწმყოში მომავალი. . . და გადავწყვიტე გავყოლოდი ამ ჯაჭვს.


ხატია ჩოგოვაძე

20.02.2010